ღვთიანმადლიანია, შვანთე....
..ცხონებულია, ნოდარ დუმბაძე -
"სამშობლო სალოცავი ტაძარია, სადაც მუხლდაჩოქილი ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე და ცალი ხელით ხმალს უნდა იქნევდე, მის წმინდა საკურთხეველს ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ"....ამას არა მარტო სულიერ, არამედ ფიზიკურ დონეზე იგრძნობ მთაში, სადაც მადლის ველში ხარ მოქცეული....ისეთი განცდაა, თითქოს თბილი მისტიური რკალი გარტყია გარშემო და უწონადობის მდგომარებაში ხარ....ჰაერიც ისეთი კამკამა და გამჭირვალეა, რომ სულის ხვეულებსაც დაინახავს მგრძნობიარე თვალი....ესაა სვანეთში!!! ყოველ თემს, რომლებიც ვნახე, რამდენიმე სალოცავი აქვს, ყველა სალოცავს თითო კომლი იცავს - ეს უდიდესი პატივია გვარისათვის...პირველნახვის განცდა უფრო მძაფრია... მერეა შეჩვევა, მაგრამ იმდენად ძლიერია მადლის ველი, რომ არ გაძინებს, რიარია მისტერიებში გშთანთქავს, ზღაპრებისა და ლეგენდების ბურანში გატარებს....და ასე აღიქვამ დედუფალ თეთნულდს....ზვიად უშბას, მარადიულ შეყვარებულს....ღრუბლიან, ცხრათავა შხარას....და მრავალ მთასა თუ მყინვარს, გარშემო....ამაყად შემართული კოშკები მაჩუბებითურთ უსიტყვოდ გაფრქვევენ ლეგენდებს....რა გიდი და ექსკურსიამძღოლი, აქ ყველაფერი ლაპარაკობს - ცამდე აზიდული მთები....ჯიშიანი, ზანტად მოარული პირუტყვის ლამაზი თვალები.....მშვიდი და ამაყი სვანნი...თავდაჯერებულები, ბედნიერები, იმით, რომ ეს ყველაფერი მათი სულისა და გულის ნაწილია....სწორუპოვარი სვანური ხატები....მადლმოსილი სვანური სალოცავები, უძლიერესნი მათ შორის - კვირიკესა და ივლიტას ტაძარი - ლაგურკას საფიცარი, რომლის ხატების ძალას ბევრი სალი კლდესავით ძლიერი ვაჟკაცის ნება მოუთოკავს, უღიარებია დანაშაული ან პირიქით, გამართლებულა ექვსი თანამოწმესთან ერთად....სულ ზემოთ, ღრუბლებთან ახლოს, სვანეთის მამაცი გული - უშგული, ლამარიას სალოცავით, გვირგვინი სვანეთისა და საქართველოს სიამაყე....დედა მარიამის ძალა და მადლი იფარავს ამ მხარეს, სრულიად საქართველოს, ამინ.....უამრავია, მაცხვარიშის(მაცხოვრის), წმინდა გიორგის, სვანურად ჯგრაგის, წმინდა ბარბარეს, ბავშვების მფარველის სალოცავები....მბორგავი ენგური, მქუხარე შენაკადებით....საღამოს ჩამავალი, ბროწეულისფერი მზე....ღამის მურიცხებით სავსე ცა....დილის კამკამა რიჟრაჟი, მთებში ჩაფენილი ნისლები....სტუმართმოყვარე მასპინლის, გუჯეჯიანის სითბოთი სავსე სახლი - მაჩუბი....ეზოს გაღმა დევდარიანების ამაყი კოშკი....შორიახლოს, უშბის ძირას, მთის ფერდობზე მრავალკოშკიანი ლახირ, სამუზეუმოდ გამზადებული.....მი სი მალატ, ჩემი სამშობლოს ღვთიანმადლიანო მხარევ!!! უკვე ფეხადგმულს, შენი მადლი აღარ დამაყენებს ბარში.....დროდადრო გესტუმრები, ხოლმე....დიდი მონატრების ჟამს.....მიყვარხარ.....ელენეაია, 06 ენკენისთვე, 2017წელი.....
Комментариев нет:
Отправить комментарий