9 окт. 2018 г.

ყოველი ჩიტი თავის ენაზე მღერის...



    ...ყოველი ჩიტი თავის ენაზე მღერის, მისეულად ამბობს სათქმელს..ღვთისაგან კურთხეული სამყარო უთვალავფერია...მეც ჩემი სათქმელი მაქვს, ტკივილიანსიხარულიანი, პატარა მდინარის- ოღასკურას ნაპირზე რომ დაიბადა...ოოო, დიდი ადგილია ოღასკურას ნაპირი, მას დავითის ნატერფალი ახსოვს...ისიც თავის ზღაპარს უამბობს დიდებსა თუ პატარებს, თუმცა ბაყაყების სიმფონიის ფონზე...მაგრამ ისინიც ხომ თავიანთ ენაზე უმღერიან შემოქმედს, უხარიათ გათენება თუ დაღამება, იქნებ ზოგიერთ მათგანს უფლისწულივით დიდი გული აქვს და უსაზღვრო სიყვარული შეუძლია...ვინ იცის?..
   
პატარა ოღასკურას ჩემი წინაპრები ახსოვს: ექვთიმე, დავითი, ორი ელენე...მათი საძვალე იქვეა, ოღასკურის სასაფლაოზე, რომელსაც ასზე მეტი წლის ისტორია აქვს...მახსოვს და მიყვარს პატარა  ოღასკურა,უცნაური ადიდება რომ იცოდა გაზაფხულზე, სარდაფებში შევარდნით...იმერეთის ვაკეზე თავისი პატარა ნახაზით ერთვის უკვე დანელებულ და დადინჯებულ რიონს და მასთან ერთად მიდის დიდი წყლისაკენ...
    P.S.
მე აქ ავიდგი ფეხი, მის ნაპირას...ოდესმე ჩემი სულიც აქედან გაუყვება გზას მოუსავლეთში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. იმედია, რომ მეც წინაპარი გავხდები ვინმესთვის, ჩემს სახელსაც მოიგონებენ...მთავარია, ისე ვიცხოვრო, რომ კი არ დამმალონ, არამედ მომიხსენიონ...ღმერთმა ინებოს...
                                                                                                                                   
ელენეაია
                                                                                                                                  2009.
ივლისი


Комментариев нет:

Отправить комментарий