9 окт. 2018 г.

ჩემი დედია...დატირება...


ამონაკვნესი....ჩემი დედია....
....ამბობენ, დრო მკურნალიაო...შეიძლება ზოგჯერ ასეცაა, მაგრამ ტკივილი არ გადის...უბრალოდ, თანდათან ტკივილთან ერთად ცხოვრებას სწავლობ...ის სადღაც სულშია ჩაბუდებული და ჩუმად წვეთავს ცრემლების სახით....
...თვალსა და ხელს შუა წავიდა დედიას სიცოცხლე...უცებ, მოულოდნელად გასკდა ზარდამცემი განაჩენი..თანაც ბოლო სტადია...თანდათან ჩაუქრა შუქი მბზინავ თვალებში...ნელნელა წაართვა სიცოცხლის ძალა, ხალისი....
ჩემი დედა - თავსაფრიანი დედაკაცის ტყუპისცალი...ქართველი ქალი თავისი სიავკარგით...ამაყი, ლამაზი კნიაჟნა, თანდათან დაადნო თოვლის ფიფქივით...
როგორც შევძელით ვიბრძოლეთ, მაგრამ უკვე გვიან იყო...არ გვითქვამს სიმართლე, ვირუსია, გვიან გაივლის, დრო სჭირდებაო, დეე, ვეუბნებოდით....მძიმედ გაიარა დრომ თერთმეტი დეკემბრიდან ოთხ იანვრამდე...გამთენიისას გაუჩერდა გულისცემა....ისევ დაულაგდა სახეზე ნაკვთები...თვენახევარში გათავდა სიცოცხლით სავსე, დიდი გულის ადამიანი....თვალები ჩვენსკენ დარჩა მომზირალი...მაინც ბედნიერი ყოფილა, ორივემ გავაცილეთ....
-- ამბობენ, ეს ვაება სენი განსაწმენდელიაო, დეე...
-- ჩემი ბეღურა დედა, დეე...თავგანწირული თავისი ბარტყებისათვის, დეე...
-- ორჯერ თავსაფრიანი დედაკაცი, დეე...
-- ვერაფერი ვეღარ შევძელით, შვილობაც ძნელი ყოფილა, გულით გინდა, მაგრამ ვეღარ შველიო, დეე...
--ყოველივე ღვთის ნებაა, დეე...მან მოგვიყვანა და მასვე მივყავართ, დეე...
-- ღმერთმა დალოცოს ყველა დედა, დეე...აქ მყოფიცა და ზეცაში წასულიც, დეე...
-- უფალმა შეგიწყალოს, სასუფეველი დაგიმკვიდროს, დეე...
-- დედა ღვთისმშობელს ებარებოდე, დეე..
-- განათებული იყოს შენი გზა...ისევ შევხვდებით, უბრალოდ დროის ამბავია, დეე...
-- ნათელი და სანთელი შენს ხსოვნას, დეე...
-- არასოდეს განელდები ჩვენს გულში, დეე...
გვიყვარხარ...გვიყვარხარ...გვიყვარხარ!..დეე...
ელენეაია, 07.03.2016წელი...


Комментариев нет:

Отправить комментарий